ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ „ფრონტერას“ საქმე საერთშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. მათი თქმით, ეს ყველაფერი პრობლემებს შექმნის დასავლური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო მეტად გაართულებს.
„ფრონტერასთნ დაკავშირებით ორი არსებითი პრობლემაა. ჩვენ მთავრობა გვატყუებდა, რომ თითქოს „ფრონტერასთან“ ყველანაირი დავა მოიგო. ჩვენ ახლა ვიგებთ იმის თაობაზე, რომ ეს დავა არ დასრულებულა და საქართველოს მთავრობა აპირებს კომპრომისი მონახოს "ფრონტერასთან". "ფრონტერას" ამბავმა გამოააშკარავა ის, რაც ღრმად არის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ შესაბამისად მივიღეთ უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი - ინვესტორებს ჩვენსკენ გამოხედვა არ უნდათ და პოლიტიკური ზიანი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - სენატორები და კონგრესმენები წერილს წერილზე აგზავნიან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ასევე მწვავედ გააკრიტიკა "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, დასტურდება, რომ მთავრობა ქვეყანაში ამერიკულ ინვესტიციებს ხელს უშლის.
„ძალიან მძიმე სურათია, მძიმე შემთხვევაა და როგორც ჩანს კიდევ ბევრი დეტალია, რაც ჩვენ არ ვიცით, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშლის ხელს ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამერიკული ინვესტიცია ეს არის საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების გარანტი. არათუ ხელი უნდა შევუშალოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკული კომპანიები საქართველოში შემოვიდნენ. არც ერთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების არ დაუშვებს იმას, რომ ამერიკულ ინვესტიციას ექმნებოდეს მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საფრთხე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ფრონტერა“ საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ბიზნესისა და კომპანიის თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.